სამყაროში, სადაც ყველაფერი სრულყოფილებისკენ გვიბიძგებს, არსებობს საინტერესო იაპონური კონცეფცია - ვაბი-საბი, რომელიც საპირისპიროს გვიმტკიცებს. ამ უძველესი ფილოსოფიის მიხედვით, სილამაზის აღმოჩენა არასრულყოფილებაშიც შესაძლებელია.
დღევანდელ ბლოგში, ვაბი-საბის მნიშვნელობას და მის ძირითად მახასიათებლებს მიმოვიხილავთ.
ვაბი-საბის არსი
ვაბი-საბი მხოლოდ დიზაინის ერთ-ერთი მიმდინარეობა არ გახლავთ; იაპონური ფილოსოფიის მიხედვით, ეს ცხოვრების წესია. მარტივ, არასრულყოფილ ფორმებში სილამაზის აღმოჩენის ხელოვნებაა.
დიზაინის ამ მიმდინარეობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილება სულ სხვა დატვირთვას ატარებს და ის არასრულყოფილებაში უნდა ვეძიოთ. ვაბი-საბის სტილში მოწყობილ სახლში, ყველაფერი არასტანდარტულად არის განთავსებული, თუმცა ჰარმონიას სწორედ ამ არასრულყოფილებაში მოიპოვებთ.